ს/ს “ბოლნისის ტუფი” 1934 წლიდან მუშაობს ტუფის მოპოვებასა და დამუშავებაზე, რომლის საბადო მდებარეობს ბოლნისის რაიონული ცენტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით სოფელ ტალავერში. ამ რაიონში მოპოვებული ტუფის ქვები თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით და ქიმიური შემადგენლობით ანდეზიტის ჯგუფს მიეკუთვნება, ჩვენს მიერ მოპოვებული ტუფი დეკორატიულობითა და მრავალსახეობით გამოირჩევა, ამასთანავე თანამედროვე დანადგარების და ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. ბოლნისის ტუფის გამოყენება საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა, რისი ნათელი მაგალითია V საუკუნეში აგებული ბოლნისის სიონის ტაძარი, ხოლო თანამედროვეობის ნიმუშებად წარმოდგენილია ჩვენს კარიერზე დამუშავებული ტუფით მოპირკეთებული სამების საკათედრო ტაძარი, პარლამენტის შენობა, მეცნიერებათა აკადემია, იმელის შენობა და სხვა უამრავი ნაგებობა. ს/ს “ბოლნისის ტუფის” პროდუქციას არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ უკრაინაში, აშშ-ში, რუსეთში, ქუვეიტსა და მრავალ სხვა ქვეყნებში იცნობენ.
ტუფი (იტალ. tufo) — მკვრივი ვულკანური ქანია, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის შეცემენტების შედეგად წარმოიქმნება. მსუბუქი მასის და მასზე ადვილად მუშაობის გამო (ჩუქურთმების დამზადება) იგი საუკუნეების განმავლობაში მთელს მსოფლიოში სამშენებლო მასალად გამოიყენებოდა. ბოლნისის ტუფის ყვითელ ფონზე სხვადასხვა ტონის ყავისფერი კლაკნილი ზოლები, რომელსაც რკინის ჰიდროჟანგი აჩენს, ორიგინალურ იერს და სილამაზეს სძენს მას. კარგი დეკორატიული, ასევე მისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გამო ბოლნისის ტუფს ფართოდ იყენებენ მონუმენტურ ნაგებობათა მშენებლობაში. მას აქვს განსხვავებული, მდიდარი ტექსტურა რომელსაც მიმზიდველი ეფექტი შემოაქვს ნაგებობისა თუ ინტერიერის დიზაინში.
ტექსტურისა და ფერის მიხედვით ადგილობივ კარიერში გამოირჩევა სამი ძირითადი ტუფი: მოთეთრო, ღია ვარდისფერი და ყვითელი ტუფი.
ტუფის ქვა გამოირჩევა ყინვაგამძლეობით, რაც ცდებითაა დამტკიცებული. მან 50-ჯერ გაუძლო -40 გრადუსიან ყინვასა და გალღვობას ისე რომ თვისებები და ფორმა არ შეუცვლია. მისი სიმსუბუქე გრანიტთან თუ სხვა სამშენებლო ქვებთან შედარებით, ასევე თბოიზოლაციის გამორჩეული ეფექტი (3სმ სისქის ტუფის ფილა 10სმ სისქის პენოპლასტის თბოიზოლაციის ეფექტის ტოლია) მას ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალად აქცევს. იგი სიმსუბუქეს აძლევს შენობა-ნაგებობას. მისი გამორჩეული თვისებებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ასევე სიმტკიცე და ნაკლები ცვეთადობა, ჩაჭიდება დაცემენტების დროს და ნაკლები წყალთშთანთქმა, რაც გარანტია იმისა, რომ შენობა ნაგებობა პირველად იერსახეს შეინარჩუნებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბოლნისის ტუფის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და ქიმიური შემადგენლობა (ანტირადიაციული და გამოსხივების არქონა) იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული ქვა გამოვიყენოთ სახლის ინტერიერის (იატაკი, კიბეები, მოაჯირი, ქვაფენილი და სხვა.) მოსაწყობად. ბოლნისის ტუფის ქართულ არქიტექტურაში გამოყენების უძველესი ფაქტი მე-5 საუკუნეს და ბოლნისის სიონის ტაძარს უკავშირდება. როგორც ჩანს მის, როგორც მყარი სამშენებლო და ჩუქურთმისთვის ადვილად დასამუშავებელი მასალის შესახებ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. საბჭოთა კავშირის პერიოდის არქიტექტორებიც საკმაოდ წყალობდნენ ამ სამშენებლო მასალას მისი უნიკალური ფერისა და თვისებების გამო, რისი დასტური პარლამენტის, კანცელარიის, აკადემიისა და ფოსტის შენობაა.